თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. რეისები ათენსა და ბერლინში 24 თებერვალს დადგენილ დროს შესრულდება მიუხედავად რიკოთის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემებისა, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.
ქუთაისი–ათენის რეისზე რეგისტრაცია დასრულდება 05:30 საათზე, ხოლო ქუთაისი–ბერლინის რეისი – 06:00 საათზე. ამავე დროს, რიკოთის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზებზე პრობლემებია.
„ჩვენ მიერ მყისიერად იქნა გაფრთხილებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რათა გზებზე შექმნილი ვითარების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
აეროპორტი მგზავრებს მკაცრად აფრთხილებს, რომ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დაწყების დრო მკაცრად არის განსაზღვრული და არ შეიცვლება.
აეროპორტი, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან – საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან, რათა გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალი ავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები გაატარონ.
„შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ ავიაკომპანია Wizz Air, რადგან შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო, დაგვიანების შემთხვევაში, არ დაზარალდნენ მგზავრები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტობუსის დაგვიანების გამო მგზავრებმა ქუთაისი–ბერლინის რეისზე მოხვედრა ვერ შეძლეს.