მის ნამუშევრებში ხშირად ზამთრის მშვიდი პეიზაჟია გამოსახული და ესეც მის ბუნებაზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ ხატავს, ხელოვნების სხვა ჟანრებიც იტაცებს. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას. გამოფენა ჯერ არ ჰქონია, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად ფიქრობს.
- ნიკოლო, ბავშვობიდან ყველაზე მეტად ვისი შექება დაგამახსოვრდათ?
- ჩემი ნახატების პირველი შეფასება ჯერ კიდევ იმ დროიდან მახსოვს, როცა სკოლაში დავდიოდი. მაშინ ჩემი ნახატები დუშეთის რაიონის კულტურის სახლში წაიღეს. მახსოვს, კავკასიური ნაგაზი და რამდენიმე პეიზაჟი მქონდა დახატული. ერთ-ერთმა დუშელმა მხატვარმა ჩემი ნამუშევრები სხვებისგან გამოარჩია და მოიწონა. სამწუხაროდ, არ მახსოვს მისი სახელი და გვარი, მაგრამ მისი დღემდე მადლიერი ვარ. სწორედ მისი შექება გახდა ჩემთვის პირველი და ძალიან დიდი სტიმული...
- სკოლის მერე აკადემიაში ჩაბარება არ გიცდიათ?
- თვითნასწავლი მხატვარი ვარ და აკადემიაში ჩაბარება არასოდეს მიფიქრია. ჩემი აზრით, თვითნასწავლ ხელოვანში უფრო მეტი ინდივიდუალიზმი და თავისუფლებაა. ხატვის დროს დიდ სიამოვნებას ვიღებ. აქვე ვიტყვი, რომ ხელოვნების სხვა ჟანრებსაც პატივს ვცემ და ბავშვობიდან ვმღერი, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ვუკრავ და ცეკვაც მიყვარს...
- უფრო ხშირად ზამთრის პეიზაჟს ხატავთ, რატომ?
- წელიწადის ყველა სეზონი მომწონს,მაგრამ გაზაფხულს და ზამთარს მაინც გამოვარჩევდი. ზამთარს უფრო ხშირად იმიტომ ვხატავ, რომ წელიწადის ამ დროს უფრო მეტი სიმყუდროვე და სიმშვიდეა. ზამთრის სიცივეში თოვლზე გამოსახულ მზის ანარეკლს ხშირად ვაკვირდები ხოლმე, ულამაზესი სანახავია და მომენტს ხშირად ვხატავ. დღეს ისეთი დრო მოვიდა, რომ ადამიანებმა ბუნებაში ყოფნა უფრო დააფასეს. ბევრი ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად და ეს ძალიან კარგი, სასიკეთო ტენდენციაა...
- თქვენი ნახატებიდანაც იგრძნობა, რომ მშვიდი ადამიანი ხართ და განმარტოება გიყვართ...
- სიმშვიდე მართლა მიყვარს. საერთოდ ბევრი ლაპარაკით არ გამოვირჩევი. აქედან გამომდინარე, ხანდახან, განმარტოებით როცა ვარ, ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს. განმარტოებას კი პანდემიამდეც ვახერხებდი. ხატვის პროცესში ხშირად მუსიკას ვუსმენ, რადგან ეს დიდ ენერგიას მაძლევს. ყველა ჟანრის მელოდიური მუსიკა მიყვარს. მათი მოსმენა ხშირად გამხდარა ჩემთვის შთაგონების წყარო...
- გაქვთ ნახატი, რომელსაც ვერ შეელევით?
- დიახ, მაქვს. ესაა ნახატი, რომელზეც შემოდგომის პეიზაჟია გამოსახული და ბუნების ულამაზესი ქმნილება – შველი. ზოგადად ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ შველი განსაკუთრებულად მომწონს თავისი გარეგნული სილამაზითა და უწყინარი ბუნებით...
- ლამაზ სხეულში ყოველთვის ლამაზი სულია?
- ხშირ შემთხვევაში ასეა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არა. როდესაც გარეგნული სილამაზე სულიერთან თანხვედრაშია, ეს უკვე სრული ჰარმონიაა და დასაფასებელია, მით უფრო, დღევანდელ რთულ დროში. თუმცა, ჩემი აზრით, ყველა მოაზროვნე სულიერის მოთხოვნლება უნდა იყოს ის, რომ ამგვარი ჰარმონიისკენ მიისწრაფვოდეს.
- უპირატესობას ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებთ?
- ჯანსაღი ცხოვრების წესს ბავშვობიდან მივდევ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. ვარჯიშზე ძალიან გადაყოლილი არ ვარ, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, რომ კარგ ფორმაში ვიყო.
- ხელოვნება რა არის თქვენთვის?
- ხელოვნება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც სრული ჰარმონია მოაქვს. ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უფრო ცხადი გახდა. ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, რომ მარადიულთან შეხება ერთგვარი შვებაცაა, ბევრი რამ დავაფასეთ და გადავაფასეთ, მივხვდით, რომ აუცილებელია ერთიმეორეს გავუფრთხილდეთ და გვერდში დგომა ვისწავლოთ. რაც მთავარია, სხვების წარმატება და გამარჯვება გულწრფელად გაგვიხარდეს...