კახა კალაძე: მერაბიშვილის გააქტიურება „ქართული ოცნებისთვის" საჩუქარია

„ქართული ოცნების" ლიდერები მერაბიშვილს 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება პოლიტიკურ არენაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოსთვის" დიდი საჩუქარია, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების" ლიდერები მერაბიშვილს 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის ხუთ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.

„მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები. ეს არის დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის. ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, ჩვენთვის მხოლოდ კარგია", – განაცხადა კალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გახდა. სწორედ მას დაუჭირა მხარი მერაბიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებზე. ხაბეიშვილის მთავარი მეტოქე არჩევნებზე შედარებით ზომიერი პოლიტიკის მომხრე, იმ დროს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იყო.
„შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, მმართველი გუნდი ინატრებდა ოპოზიციაში ისეთ ლიდერს, როგორიც არის ხაბეიშვილი", – განაცხადა კალაძემ.
„ნაცმოძრაობის" ახალ ლიდერად ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. სააკაშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მიუხედავად ხაბეიშვილის მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, მასშტაბური აქციების გამართვა დღემდე ვერ მოხერხდა.
ვანო მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" აქტიურ მოქმედებებზე გადავა
მერაბიშვილმა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს აქტიურ მოქმედებას.
მელიას ე.წ. ბანაკის წარმომადგენლები მერაბიშვილს ბრალს სდებენ იმაში, რომ მას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს „ნაცმოძრაობის" არაფორმალური მართვა უნდათ.
უფრო მეტიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ არის ეჭვები ვანო მერაბიშვილის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან. როგორც რურუამ აღნიშნა, მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აწყობს.
მერაბიშვილი ციხეში მოხვდა 2013 წლის მაისში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.
ის ციხიდან 2020 წლის თებერვალში გამოვიდა და გარკვეული პერიოდი უცხოეთში იმყოფებოდა. ამჟამად საქართველოშია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს