საქართველოს ეროვნულ გალერეაში ახალი კოლექციების დიდი გამოფენა იხსნება

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX-XXI საუკუნეების ქართველი მხატვრების ნამუშევრები.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 25 თებერვლიდან 12 მარტამდე გაიმართება იმ ექსპონატების ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომლებიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ მუზეუმებისთვის შეიძინა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამინისტროს მიერ 2021-2022 წლებში შეძენილი ექსპონატები კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმებისთვის: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.
კულტურის სამინისტრომ 30-წლიანი წყვეტის შემდეგ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი ნამუშევრებით შევსება მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს არის 119 ქართველი მხატვრის ნამუშევრები.
ახალ კოლექციაში ასევე შევიდა საჩუქრად გადმოცემული ზოგიერთი სურათიც, რომელთა ავტორების გამოფენები 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე გაიმართა ეროვნულ გალერეაში.
ეროვნულ გალერეაში მომხდარი სკანდალის გამო გამოფენა ნაადრევად იხურება>>
ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია წარმოაჩენს XX-XXI საუკუნეების ქართული ხელოვნების განვითარების შთამბეჭდავ სურათს. სამინისტრომ ეროვნული გალერეისთვის შეიძინა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია, 1980-1990-იანელთა ფერწერული სურათები, დიდი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის 73 ნამუშევარი, კირილე ზდანევიჩის, ფელიქს ვარლამიშვილის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის, ირინა შტენბერგის, რუსუდან გაჩეჩილაძისა და ვაჟა მელიქიშვილის არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი.
გარდა ამისა, წარმოდგენლი იქნება გამოჩენილი ქართველი მხატვრის ირაკლი მდივნის 22 ნამუშევარი, რომლებიც საქართველოში დააბრუნეს.
გამოფენის სტუმრებს ასევე შეუძლიათ ნახონ დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ოცი გამოუქვეყნებელი ხელნაწერი, რომლებიც 2021 წელს ქართული ლიტერატურის მუზეუმისთვის შეიძინეს. ექსპონატებს შორისაა 32 ლექსი, ექვსი დღიურის ჩანაწერები, ერთი პირადი წერილი, ორი თარგმანი და ათი ჩანახატი.
საქართველოს ეროვნული გალერეა (ე.წ. ცისფერი გალერეა) თბილისში 1917–1920 წლებში ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის წყალობით დაარსდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს