თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი Infohub.rs.ge აამოქმედა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად ახლდება ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ეხება როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებს, მათ შორის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
ამასთან, Infohub არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს. პლატფორმა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს – მოიძიონ, დაამუშაონ და გააზიარონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია.
ინფორმაცია მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ინფორმაციის მოპოვების პროცესი კი მნიშვნელოვნად გამარტივდება, აღნიშნეს უწყებაში.
მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით მომზადდა და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსდა საინფორმაციო ბროშურა და ვიდეო-სახელმძღვანელო.
სააგენტომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა საჯარო და კერძო სექტორი.