თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,2%-ით, მათ შორის სურსათზე – 9,8%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 9,8%-ით შემცირდა.
უწყების ცნობით, იანვარში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,2%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 17,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 9,3%-ით, კვების პროდუქტებზე – 11,1%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,2%-ით შემცირდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 14,8%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 8,9%-ით, მათ შორის სასმელზე შემცირდა 9,7%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 7,6%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,2%-ით გაიაფდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის იანვარში 9,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, სურსათზე ფასები 2022 წლის იანვართან შედარებით 15%-ით, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით კი 1,4%-ით გაიზარდა.