თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარაში ვიზიტის მსვლელობისას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა და თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გამძლეობა უსურვა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
თურქეთში მძლავრი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 42 ათასზე მეტი ადამიანი.
„მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა ქართველი მაშველების მონაწილეობა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში, ასევე საქართველოს მიერ გაღებული ჰუმანიტარული დახმარება.
ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს მყისიერი დახმარებისთვის.
ქართველმა მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი რამდენი ადამიანი გადაარჩინეს.
საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთში უკვე ორი პარტია ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა – საკვები, მათ შორის, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, სამედიცინო აღჭურვილობა პირველი დახმარების აღმოსაჩენად, გენერატორები, საძილე ტომრები და სხვა ნივთები.
თურქეთის დასახმარებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდად 1 მლნ ლარი გამოიყო. დახმარებისთვის თანხა ასევე შეაგროვა საქართველოს პარლამენტმა.