თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ნატო ხედავს გარკვეულ მინიშნებებს, რომ ჩინეთი, შესაძლოა, რუსეთის მხარდაჭერას გეგმავდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Associated Press-თან ინტერვიუში.
მან მოუწოდა პეკინს, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებისგან, რაც შეიძლება საერთაშორისო სამართლის დარღვევად იქცეს.
შეკითხვაზე პასუხად, აქვს თუ არა ნატოს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩინეთს რუსეთის იარაღით ან სხვა სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფა სურს, სტოლტენბერგმა განაცხადა:
„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ მინიშნებებს, რომ ისინი შესაძლოა გეგმავდნენ ამას. რა თქმა უნდა, ნატოს მოკავშირეებმა, შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილეს ის ამის შესახებ, რადგან ეს არ უნდა მოხდეს. ჩინეთმა არ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის მიერ გაჩაღებულ უკანონო ომს“.
როგორც ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჩინეთის პოტენციური დახმარება ნიშნავს „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის [პირდაპირ] მხარდაჭერას და ჩინეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჭიროს მხარი გაეროს წესდების ან საერთაშორისო სამართლის დარღვევას“.
ოთხშაბათს, 22 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მაღალჩინოსან წარმომადგენელ ვან ის უმასპინძლა. დასავლეთის სახელმწიფოებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ პეკინი შესაძლოა მზად იყოს მოსკოვისთვის სერიოზული სამხედრო დახმარების შესათავაზებლად.
წყარო: Associated Press