თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აფთიაქებში მედიკამენტებზე ფასების მატების პროცესს ხელოვნური უწოდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა. 15 თებერვლიდან საქართველოში იკრძალება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებზე ძვირად გაყიდვა.
„ძალიან შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფარმაცევტულ დაწესებულებებში დაფიქსირდა თურქეთიდან შემოტანილ ზოგიერთ მედიკამენტზე ფასების ზრდა. ჩვენი შეფასებით, ეს არის ხელოვნური ზრდა, რადგანაც ამ პირობებში წამლებზე ფასების მატებას სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი ფაქტების აღკვეთა. ჯანდაცვის სამინისტრო ამჯერად აპირებს გამოიყენოს საერთაშორისო გამოცდილება, ითანამშრომლოს პარტნიორებთან, ასევე სხვა უწყებებთან იმისთვის, რათა შეაჩეროს მსგავსი არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი, ფასების ხელოვნური ზრდა და ჯანსაღი კონკურენციის წესების ხელოვნური დარღვევა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, თავის მხრივ, მზად არის საკითხის შესასწავლად. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მსგავს დარღვევებზე მკაცრ რეაგირებას მოახდენენ.
საქართველოს მოსახლეობა სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და გაძვირებული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, სულ ახლახან საჭირო მედიკამენტებს სამჯერ უფრო იაფად ყიდულობდნენ, ვიდრე ახლა.
გარდა ამისა, სოციალური ქსელის მომხმარებლები აზიარებდნენ ისტორიებს, როდესაც აფთიაქებში მყიდველებს განუცხადეს, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ამოიწურა და მხოლოდ ევროპული მედიკამენტები იყო ხელმისაწვდომი, რაც შედარებით ძვირი ღირდა.
2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ რეფერენტული ფასები, ანუ ფასების მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება.
ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს მთავრობამ ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე მისცა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ელექტრონული სისტემა, რომლის მიხედვითაც მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ელექტრონულად მიიღებს ინფორმაციას ქვეყანაში მედიკამენტების მიმოქცევის, მარაგების, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ.
ყველა კომპანია, რომელიც ფარმაცევტულ პროდუქციას ყიდის და აქვს წამლების მარაგის აღრიცხვის საკუთარი ელექტრონული სისტემა, მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი ელექტრონული სერვისების საშუალებით გადასცემს.
ხოლო იმ ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებსაც აღნიშნულ სისტემა არ გააჩნიათ, ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში უნდა შეიყვანონ.
ელექტრონული სისტემა საპილოტო რეჟიმში 2023 წლის 1 აპრილამდე იმუშავებს. 1 მარტიდან 15 მარტამდე დაწესებულებები, სადაც დაფიქსირდება დარღვევები, მიიღებენ მხოლოდ გაფრთხილებას. 15 მარტიდან კი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დარღვევის შემთხვევაში სამართალდამრღვევებს 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.
2022 წლის 2 მარტიდან საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ფასების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა.
ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.