ბათუმის ავტოპარკი მთლიანად განახლდება

მერია პირობას დებს, რომ მიმდინარე წელს ამორტიზებული ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზრდება.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ბათუმის ავტოპარკი 60 ახალი ავტობუსით შეივსება, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თურქეთში, ISUZU-ს ავტოქარხანაში იმყოფებოდა, საიდანაც ახალ ავტობუსებს ჩამოიყვანენ.
ქალაქის მერმა პირობა დადო, რომ 2023 წელს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მთლიანად განახლდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის ავტოპარკი 100 ავტობუსით და 8 ელექტროავტობუსით შეივსო. ახალი ავტობუსები ბათუმში ეტაპობრივად შემოვა.

„ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობენ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ISUZU-ს მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები 70 მგზავრზე იქნება გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.
ავტობუსები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინეს.