საქართველო სერბეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს

2022 წელს სერბეთიდან საქართველოში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე სერბეთის ეროვნული ავიაკომპანია AIR SERBIA-ს წარმომადგენლებთან პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქარქაშაძემ AIR SERBIA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში გამართა.

„სერბეთი ჩვენი ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებაა. ვხედავთ, რომ სერბი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ეტაპობრივად იზრდება... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დედაქალაქებს შორის იყოს პირდაპირი საჰაერო კავშირი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე მეტი ტურისტული ნაკადებისთვის", – განაცხადა ქარქაშაძემ.

2019 წელთან შედარებით, 2022 წელს სერბეთიდან საქართველოში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა, 2021 წელთან შედარებით კი 107%-ით გაიზარდა, აღნიშნა მან.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ეს პროცესი, 2019 წელთან შედარებით, 2022 წელს 82%-ით აღდგა, 2021 წელთან შედარებით კი 87%-ით გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ასევე შეხვედრები გამართა PEGASUS AIRLINES-ის, TURKISH AIRLINES-ის, SAUDIA-ს და სხვა სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებთან.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT საფრანგეთის აეროპორტის სააგენტომ 2004 წელს დააარსა, რომლის მიზანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება.