თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრო ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ტვირთების უწყვეტ გადაზიდვას საქართველოს ფოთისა და ბათუმის პორტების მეშვეობით აპირებს, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ აბდუსამატ მუმინოვმა საქართველოში ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან, „საქართველოს რკინიგზისა“ და ფოთისა და ბათუმის პორტების ხელმძღვანელებთან.
„მხარეებმა განიხილეს უზბეკეთიდან ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში საექსპორტო და საიმპორტო საქონლის უწყვეტი გადაზიდვის საორგანიზაციო საკითხები საქართველოს პორტების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს ტვირთების გადაზიდვის ღირებულებისა და ვადების შემცირების ასპექტებზე, სატარიფო შეღავათების გაფართოებაზე.
„ამასთან, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ფოთისა და ბათუმის პორტების ინფრასტრუქტურის ეფექტურად გამოყენების თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამას გარდა, მხარეებმა განსაზღვრეს თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლოდ განსახორციელებელი ამოცანები.