თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში პარალელური სლალომის დისციპლინაში გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა. მეორე დღეს კი შეჯიბრებები დაიწყო და პირველი ფინალები ჩატარდა.
მეორე ადგილი ავსტრიის ნაკრებმა დაიმსახურა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები შვეიცარიელები გახდნენ. რაც შეეხება მედლებს, მამაკაცებს შორის ოქრო და ვერცხლი ავსტრიელმა სპორტსმენებმა, ბრინჯაო კი კანადის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. ქალთა სლალომში ოქროს და ვერცხლის მფლობელები შვეიცარიელი სპორტსმენები გახდნენ, ბრინჯაო ავსტრიის წარმომადგენელს ერგო.
ხუთშაბათს მედლები ფრისტაილში გათამაშდება.
საქართველო ჩემპიონატზე ექვსი სპორტსმენით არის წარმოდგენილი: რევაზ ნავგაიძე, დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი. ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ გასულა ფინალურ ეტაპზე.
საქართველო ასეთ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 5 მარტის ჩათვლით იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.