ბანკის ძარცვა ზუგდიდში: ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

სასამართლო პროცესზე ცდილობენ გაარკვიონ, იყო თუ არა ესებუა შერაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა საქართველოში ბანკის ყველაზე გახმაურებული ძარცვის „ავტორის“, ბრალდებულ ბადრი ესებუას ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნის შესახებ.
ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ყველაზე გახმაურებული ძარცვა ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. მძარცველი ბანკში შენიღბული და შეიარაღებული შევიდა. გამოძიების მონაცემებით, ბოროტმოქმედმა მიიღო მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი და მიიმალა.

„ჩადენილ დანაშაულის ხასიათის და საზოგადოების საშიშროებიდან გამომდინარე აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე, კარგად მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა შეუძლებელია“, – განაცხადა პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ, იუწყება „TV პირველი“.

მისი თქმით, ექსპერტიზა სტაციონარული იქნება და მას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩაატარებს, სადაც ესებუას 20 დღით მოათავსებენ.
ესებუას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბანკზე თავდასხმა
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ბადრი ესებუა სასამართლოში - როგორ ჩაიარა პირველმა სხდომამ>>
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს