დიდთოვლობამ ამბროლაურში პრობლემები შექმნა

მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები გზების გაწმენდის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პრობლემები შეიქმნა როგორც გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების, ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ – ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები გზების გაწმენდის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ, იწმინდება საავტომობილო გზები, ხიდები, საფეხმავლო ბილიკები და სხვადასხვა ობიექტებთან მისასვლელი მონაკვეთები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.