თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სპეციალისტებმა სამტრედია–გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანების მიზეზების შესწავლა დაიწყეს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხიდის ნაწილი გუშინ მდინარე რიონის ადიდების გამო დაზიანდა. კერძოდ, დაზიანებულია მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მშენებარე ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე
© Roads Department of Georgia
ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. ამ ეტაპზე მდინარე რიონის წყლის დონე ისევ მაღალია, წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.
სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გზა გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს).
სამუშაოები 73 მილიონი ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.