მსოფლიო დღეს

აშშ თავშესაფრის მაძიებლებისთვის შეზღუდვებს აწესებს

Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატები გეგმავს თავშესაფრის მოთხოვნა აუკრძალოს აშშ–მექსიკის საზღვარზე ჩასულ მიგრანტებს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე მასშტაბური მცდელობა იქნება არალეგალ მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად, იუწყება The Guardian.
ახალი წესების თანახმად, რომელიც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე, მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში შესასვლელად ლეგალურ მარშრუტებს არ იყენებენ, ან რომლებიც არ ითხოვენ დაცვას იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-სკენ მიმავალ გზაზე გადიან, ავტომატურად ჩამოერთმევათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება.
როგორც აღინიშნება, საუბარია თავშესაფრის მოთხოვნის არა სრულ აკრძალვაზე, არამედ სერიოზულ შეზღუდვებზე. ახალი წესები შეეხება ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებს, გარდა მექსიკელებისა, რომლებსაც აშშ-მდე მისასვლელად მესამე ქვეყნების გადაკვეთა არ უწევთ.
გარდა ამისა, ახალი წესი ასევე არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, ან რომლებსაც ისეთი „გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხეები“ ემუქრებათ, როგორებიცაა მკვლელობა, გატაცება, სექსუალური ძალადობა, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლად ქცევა და სხვა „უკიდურესად რთული სიტუაციები“.
კიდევ ერთი გამონაკლისია მარტო მოგზაური არასრულწლოვნები – ახალი წესები არც მათ შეეხება.
ოფიციალურად დამტკიცებამდე წინადადება საზოგადოებას წარუდგინეს განსახილველად, რისთვისაც 30 დღის ვადა განისაზღვრა.
როგორც გამოცემა წერს, ახალი წესები დროებითი ხასიათისა იქნება და ორი წლის ვადით იმოქმედებს — შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ახალი წესების მიზანი, როგორც ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმმა წარმომადგენელმა განუცხადა ჟურნალისტებს, არის იმ სიცარიელის შევსება, რომელიც კონგრესმა დატოვა საიმიგრაციო რეფორმაში.
წყარო: The Guardian