ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა თებერვლის პირველივე დღეს გაიმართა. ეს მიმდინარე წელს პირველი შეკრება იყო. შეგახსენებთ, უწყების მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას შეიმუშავებს და ამ პოლიტიკის გასატარებლად კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს. კომიტეტის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რეკომენდაციის სახით მიეწოდება, თუმცა ის რეკომენდაციას, როგორც წესი, ითვალისწინებს ხოლმე.
მონეტარული კომიტეტის მიზანი ფასების სტაბილურობა, ინფლაციის ზომიერ და დაბალ დონეზე შენარჩუნებაა. ხოლო მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ლიბერალიზაცია ან უკვე არსებულ დონეზე შენარჩუნებაა, რაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდაში, შემცირებასა თუ უცვლელად დატოვებაში აისახება.
დროა წინამდებარე სტატიის ძირითად საკითხს დავუბრუნდეთ. ინფლაციური პროცესის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება ადვილად პროგნოზირებადი იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ღიად და პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საფინანსო სისტემას რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.
აკადემიურ წრეებშიც ვარაუდობდნენ, რომ თებერვლის დასაწყისში დაგეგმილ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს არ შეამცირებდა, უცვლელად დატოვებდა, რადგან ინფლაციური წნეხის შერბილების პირობებში გამკაცრების საფუძველი არ არსებობს. ასეთი იყო საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის მოლოდინიც.
პროგნოზი გამართლდა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ახალი წლის პირველ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აქვე დავძენ, რომ რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის 30 მარტიდან მოყოლებული, უკვე მერვე სხდომაა არ შეცვლილა და 11 პროცენტია, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საინტერესოა, რა იყო კობა გვენეტაძის გადაწყვეტილების საფუძველი? როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გადალახა და მას შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს. კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეფასებით, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი გასული წლის მარტის თვიდან მოყოლებული მცირდება. ამასთან ერთად კლებას განაგრძობს და, გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, თითქმის COVID-19-ის პანდემიამდელ მდგომარეობას დაუახლოვდა საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება.
კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. მთლიანი ინფლაციის შემცირებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაციაც ხელს უწყობს. განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ მაჩვენებელს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.
საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა, არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავაც მაღალია და რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ საგრძნობლად აღემატება. როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდით არის გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს კიდევ უფრო აძლიერებს. დამატებითი ზეწოლის აღმოსაფხვრელად და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკის შესამცირებლად, ამჟამინდელი პროგნოზით, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. მონეტარული პოლიტიკის შერბილება მხოლოდ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების შემდგომ არის მოსალოდნელი. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, ინფლაციის მოლოდინების ზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდება.
ასეთია ეროვნულ ბანკში მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტები. კიდევ რამდენ ხანს დარჩება მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყება მომდევნო სხდომაზე, რომელიც 29 მარტს გაიმართება, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი კომერციული ბანკების 183.100 მსესხებელს უნდა ვუთხრათ, რომ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ. ეს ის დებიტორები არიან, რომელთა სესხების პროცენტი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
როგორია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პარამეტრები და სტრუქტურა? ამაზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანგარიშს მოვიშველიებ.
მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული გაცემული სესხების პორტფელი 10.547 მილიონ ლარს შეადგენდა. საგულისხმოა, რომ გასული წლის 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 600-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი 493 ათასი ლარით გაიზარდა. სულ 183.100 საკრედიტო ხელშეკრულება იყო გაფორმებული.
რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 80.100 ხელშეკრულებით სამომხმარებლო ტიპის სესხია გაცემული. 1.647 მილიონი ლარი კომერციულმა ბანკებმა საშუალოდ 19,57 პროცენტში გაასესხეს.
მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ იპოთეკურ სესხებს უკავია. ამ ტიპის კრედიტებზე 73.900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. საბანკო სექტორმა 3.390 მილიონი ლარი საშუალოდ 13,44 პროცენტში გასცა.
ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულშია ბიზნეს-სესხები. ასეთი ჯამში 28.100 ხელშეკრულებაა გაფორმებული, ხოლო საკრედიტო პორტფელი 5.469 მილიონი ლარია. საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 14,70 პროცენტი.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტებიდან, ტრადიციულად, ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია ხოლმე გაცემული და ასე იყო 1 იანვრის მდგომარეობითაც. საბანკო სექტორმა 800 ხელშეკრულებით 23,7 მილიონი ლარი საშუალოდ 18,51 პროცენტში გასცა.
საბანკო სექტორის მიერ კიდევ 300 ხელშეკრულებით გაცემულია 17,3 მილიონი ლარის კრედიტი, თუმცა სესხის მიზნობრიობა უცნობია.
1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,8 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზეა − 19,57 პროცენტი, რომელსაც მოჰყვება ავტოსესხის საპროცენტო განაკვეთი − 18,51 პროცენტით.
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეების ანალიზით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი