თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ რეფერენტული ფასები, ანუ ფასების მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება. 15 თებერვლიდან საქართველოში იკრძალება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებზე ძვირად გაყიდვა.
„კომპანიების ნაწილმა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იმავე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის საკითხის შესასწავლად. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მსგავს დარღვევებზე მკაცრ რეაგირებას მოახდენენ.
სამინისტრომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც ქვეყანაში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ევროპულთან შედარებით ბევრად იაფი ღირს.
„ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯანდაცვის უწყებას აქვს წვდომა ფარმაცევტული სექტორის მონაცემთა ბაზებზე და აფთიაქების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასების მონიტორინგს ახორციელებს.
ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს მთავრობამ ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე მისცა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ელექტრონული სისტემა, რომლის მიხედვითაც მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ელექტრონულად მიიღებს ინფორმაციას ქვეყანაში მედიკამენტების მიმოქცევის, მარაგების, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ.
ყველა კომპანია, რომელიც ფარმაცევტულ პროდუქციას ყიდის და აქვს წამლების მარაგის აღრიცხვის საკუთარი ელექტრონული სისტემა, მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი ელექტრონული სერვისების საშუალებით გადასცემს.
იმ ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებსაც აღნიშნულ სისტემა არ გააჩნიათ, ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში უნდა შეიყვანონ.
ელექტრონული სისტემა საპილოტო რეჟიმში 2023 წლის 1 აპრილამდე იმუშავებს. 1 მარტიდან 15 მარტამდე დაწესებულებები, სადაც დაფიქსირდება დარღვევები, მიიღებენ მხოლოდ გაფრთხილებას. 15 მარტიდან კი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დარღვევის შემთხვევაში სამართალდამრღვევებს 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.
2022 წლის 2 მარტიდან საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ფასების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა.
ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.