თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში რიგით მერვე ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 28 თებერვალს გაიმართება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ტურისტული სექტორის 350 წარმომადგენლიდან 23 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც დამსახურებულად მოირგებენ წოდებას „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“.
ცერემონია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ქართული ტურისტული სექტორის სფეროში ერთგვარ „ოსკარს“ წარმოადგენს. ღონისძიებას უმასპინძლებს „წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცე „თეატრი“.
რიგით მერვე დაჯილდოების ცერემონიას 600-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის იქნებიან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, უმსხვილესი სასტუმროების გენერალური მენეჯერები და მფლობელები, ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზატორები, კაფეების, რესტორნების, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები. დაჯილდოების ცერემონიას ასევე დაესწრებიან მედიის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება – ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროს ყოველწლიური ეროვნული ჯოლდოა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა.
ცერემონია უკვე მერვე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით.