თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 879.9 ათასი რუსი ჩამოვიდა, მათგან 809.9 ათასმა ქვეყანა დატოვა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომლაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
ოპოზიცია 2022 წლის თებერვლის დასაწყისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე განცხადებებს აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ კონტროლის არსებული მექანიზმები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს.
„საქართველოში რუსეთის მოქალაქეების არანაირი მასობრივი შემოდინება არ შეიმჩნევა“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობა 2020 და 2021 წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა, მათი რაოდენობა 2019 წელს ქვეყანაში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაზე ნაკლებია.
გომელაურის თქმით, 2019 წელს საქართველოში რუსეთის 1.074 მილიონი მოქალაქე შემოვიდა, ქვეყანა კი 1.07-მა მილიონმა დატოვა.
მინისტრის განმარტებით, 2023 წელს ქვეყნიდან წასული რუსების რაოდენობამ ჩამოსულთა რაოდენობას გადააჭარბა.
„2023 წელს საქართველოში დაახლოებით 137 ათასი რუსი შემოვიდა და 150.913 გავიდა. ასე რომ, არანაირი კატასტროფა არ ხდება", - განაცხადა გომელაურმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოდინება არ ხდება, მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია.