თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის ასამდე ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს, იუწყება დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
საერთო ჯამში სპეციალისტებმა ჰაერის საწვავით დაბინძურების ხარისხის შემოწმების მიზნით ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი აიღეს. კერძოდ, სპეციალისტებმა შეამოწმეს პროდუქციის შესაბამისობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებთან.
ლაბორატორიული კვლევების შედეგად დარღვევები მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში დაფიქსირდა. კერძოდ, 50-დან 29 ნიმუში არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ ხარისხს. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე.
ინსპექტორებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობამ 3.350 ათას ლარს გადააჭარბა. საქმის მასალები სასამართლოშია წარდგენილი.