თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მეოთხე კვარტალში 16,1% შეადგინა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
უმუშევრობის დონე 2022 წლის მესამე კვარტალში შეადგენდა 15,6%-ს, მეორე კვარტალში – 18,1%-ს, პირველ კვარტალში – 19,4%-ს.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 42,3 ათასი ადამიანით (14,5%) შემცირდა და 249,5 ათასი ადამიანი შეადგინა. ამასთან, ქალაქებში უმუშევრობის დონე 3,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლებში 1,9 პუნქტით შემცირდა.
უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 17,8% და 13,8%.
2022 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 2,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო ქალებში 3,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
დაქირავებულთა რიცხოვნობა 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 42,9 ათასი ადამიანით (6%) და 884,1 ათასს მიაღწია. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18 ათასით გაიზარდა (4,5%) და 420,4 ათასი შეადგინა.
აქტიურობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2022 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43,4%-ს, ხოლო კაცებში 65,3%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0,5 პროცენტული პუნქტით.