თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ბაქოში გამართულ შეხვედრაზე სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობა მაღალ დონეზეა, ერთობლივი „ზამთრის წვრთნები-2023“ კი, რომელიც ამას წინათ ყარსში ჩატარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეიარაღებულ ძალებს შორის გამოცდილების გაზიარების საქმეში და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა რეგიონულ უსაფრთხოებას უწყობს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში მათიაშვილი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მეთაურს ქერიმ ვალიევსაც შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ვითარდება არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, და ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მხარეებმა აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი წვრთნებისა და სამუშაო შეხვედრების ინტენსივობის გაზრდის საკითხები განიხილეს.
დასასრულს საქართველოს დელეგაციამ მოინახულა სამეთაურო პუნქტი, სადაც პირად შემადგენლობას შეხვდა და პირობებს გაეცნო.
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის 2012 წელს დაიწყო.