ქართველი სამხედროები აშშ-ში „საჰაერო ძალების თამაშებში“ იასპარეზებენ

ტურნირში მონაწილეობისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში „საჰაერო ძალების თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები სტარტს 24 თებერვალს აიღებს და 3 მარტამდე ჩათვლით გაგრძელდება.
სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში იასპარეზებენ.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად იასპარეზებენ, სადაც მათ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები გაუწევენ მეტოქეობას.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.