თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. კანონპროექტმა, რომელიც მალე საქართველოს პარლამენტს წარედგინება, უნდა უზრუნველყოს სურსათზე გონივრული ფასები და შეამციროს ინფლაცია ამ ეტაპისთვის მიზნობრივ დონემდე – 5%-მდე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ორი კვირის წინ პრემიერმა სამ უწყებას – ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებს დაავალა გაემართათ შეხვედრები იმპორტიორებთან და რიტეილერებთან და გამოერკვიათ, რატომ აღწევს კვების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს და ხანდახან 100%-საც. საკითხში აქტიურად ჩაერთო კონკურენციის სააგენტოც.
„ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები, და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ამ წლის განმავლობაში – დაახლოებით 5%-ზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება.
„მთავრობა მალე გაუგზავნის კანონპროექტს პარლამენტს და, იმედია, ძალიან მალე მივიღებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოსავალი არ ჩანს. არ გვინდა, ვიღაცას გავუჩინოთ განცდა, თითქოს მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტი იქმნება ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე, რომელიც სამართლიან ვაჭრობას ეხება.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მოახერხა მედიკამენტებზე ფასების 60-80%-ით შემცირება. ამის მიზეზი თურქული წარმოების მედიკამენტებისთვის ქართული ბაზრის გახსნა იყო.
გარდა ამისა, დაინერგა რეფერენტული ფასების ევროპული პრაქტიკა. 15 თებერვლიდან საქართველოში აიკრძალა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ზღვარზე მაღალი ფასებით ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვა.
„იმედი მაქვს, ფასები (სურსათზე) ძალიან მალე დაიწყებს შემცირებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბაზრის პირველადი კვლევის თანახმად, ისეთი პროდუქტების, როგორებიცაა ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, ზეთი, მაკარონი და სხვ. როგორც აღმოჩნდა, საბითუმო ფასებზე ნამატი 50-დან 80%-მდე მერყეობს, საცალო ფასების შემთხვევაში ამას კიდევ 25-30% ემატება.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან სურსათსა და სასმელებზე ფასები 15%-ით გაიზარდა (2022 წლის იანვართან შედარებით) და 1,4%-ით 2022 წლის დეკემბერთან შედარებით.