20 თებერვალი — Sputnik. სურსათზე გონივრული ფასების უზრუნველყოფაში საკანონმდებლო ცვლილებები დაგვეხმარება, რომლებიც სამართლიან ვაჭრობასთან დაკავშირებით ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ორი კვირის წინ პრემიერმა სამ უწყებას – ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებს დაავალა გაემართათ შეხვედრები იმპორტიორებთან და რიტეილერებთან და გამოერკვიათ, რატომ აღწევს კვების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს და ხანდახან 100%-საც. საკითხში აქტიურად ჩაერთო კონკურენციის სააგენტო.
„რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ამიტომ ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მუშაობა, თუ როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ ასევე იმპორტიორების განმარტებები, რომ აქედან, 70-80%-დან ეს მათი მოგება არ არის, არამედ ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია რიტეილის, ანუ ამ დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს წესები ბადებს „სერიოზულ, ლეგიტიმურ კითხვებს“.
„ეს წესები არ არის აპრობირებული, არსად ევროპაში ეს წესები არ მოქმედებს. ეს საკითხები დარეგულირებულია ევროპის ქვეყნებში, ამიტომ ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება დირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი, რომელმაც უკვე მოიწონა ეს იდეა, კანონპროექტს მიიღებს.
პარალელურად გაგრძელდება მუშაობა იმპორტიორებთან და დიდი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან.
„უხეში იქნება ჩვენი მხრიდან ხელოვნური ჩარევა. ამიტომ გამოვნახეთ გზა, რომ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ამით რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფასები შემცირდეს, არაგონივრული მარჟებით არ იყიდებოდეს პროდუქტები, ეს ჩვენს ხალხზე აისახება“, – განაცხადა პრემიერმა.
პირველ ეტაპზე კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ისეთი პროდუქტების ფასები, როგორებიცაა ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, ზეთი, მაკარონი და სხვ. როგორც აღმოჩნდა, საბითუმო ფასებზე ნამატი 50-დან 80%-მდე მერყეობს, საცალო ფასების შემთხვევაში ამას კიდევ 25-30% ემატება.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ამასთან, პირველად 2021 წლის ივლისის შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 10%-ს ჩამოსცდა.