თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. გასულ კვირაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დამკვირვებლებმა ირანში მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩინეს, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეზე ოდნავ დაბალია, იტყობინება სააგენტო Bloomberg ორ ანონიმ მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს ფაქტი ხაზს უსვამს რისკს, რომ ირანის „დაუოკებელმა ატომურმა საქმიანობამ შესაძლოა ახალი კრიზისი გამოიწვიოს“.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ცდილობს გაარკვიოს, როგორ დააგროვა ირანმა 84%-მდე გამდიდრებული ურანი. ეს ყველაზე მაღალი დონეა, რომელიც დღემდე აღმოუჩენიათ ინსპექტორებს ქვეყანაში. მისი კონცენტრაცია სულ 6%-ით ნაკლებია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეზე“, — წერს Bloomberg.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მანამდე თეირანმა IAEA-ს აცნობა, რომ მისი ცენტრიფუგები ურანის მხოლოდ 60%-მდე გამდიდრებაზეა აწყობილი.
არსებული ინფორმაციით, IAEA-ს ინსპექტორებმა საფუძვლიანი ანალიზი უნდა ჩაატარონ იმის დასადგენად, იყო თუ არა ურანის ეს კონცენტრაცია მიზანმიმართულად მიღწეული. ამასთან აღინიშნება, რომ მიმდინარე თვეში დამკვირვებლებმა უკვე მეორედ აღმოაჩინეს ირანში „ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საეჭვო აქტივობა“.
2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ბირთვულ შეთანხმებას – ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას (JCPOA), რომელიც ირანისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა JCPOA და სანქციები აღუდგინა თეირანს. ამის საპასუხოდ ერთი წლის შემდეგ ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებასა და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი 2021 წლის აპრილიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან ვენაში, რათა JCPOA პირვანდელი სახით აღადგინონ.
წყარო: Bloomberg