თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში იმყოფებოდა, უკრაინის დასავლეთ საზღვართან აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამი სადაზვერვო თვითმფრინავი მორიგეობდა, ირკვევა პორტალ Flightradar 24-ის მონაცემებიდან.
პორტალი Flightradar24 — შვედური ვებ-გვერდია, რომელიც საჰაერო ხომალდებზე რეალურ დროში დაკვირვების საშუალებას იძლევა. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს რეისების ნომრების, გაფრენისა და დანიშნულების პუნქტების, თვითმფრინავის ტიპის, მისი ადგილმდებარეობისა და სიჩქარის თაობაზე.
როგორც Flightradar 24-ზეა აღნიშნული, კვირა საღამოდან პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ორი ამერიკული მზვერავი-თვითმფრინავი მორიგეობდა. აქედან ერთი სტრატეგიული დანიშნულების Boeing RC-135 იყო, მეორე კი Boeing KC-135R Stratotanker.
20 თებერვლის დილის 11 საათისთვის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ უკვე კიევში იმყოფებოდა, მათ კიდევ ერთი, შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი Boeing E-3 Sentry შეუერთდა.
ჯო ბაიდენის კიევიდან გამგზარების მომენტისთვის თვითმფრინავები კვლავ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მორიგეობდნენ.
ჯო ბაიდენი კიევს დღეს, დილის 8 საათზე ეწვია გამოუცხადებელი ვიზიტით. თუმცა მისი სტუმრობის შესახებ შუადღისთვის გახდა ცნობილი, როდესაც ინტერნეტით ბაიდენისა და ზელენსკის გმირთა მემორიალთან სტუმრობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
ამ დროისათვის ჯო ბაიდენი უკვე გაემგზავრა კიევიდან ვარშავაში.