მსოფლიო დღეს

თურქეთი მიწისძვრის გამო საპრეზიდენტო არჩევნებს არ გადადებს

არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 ივნისისა, გეგმის მიხედვით 14 მაისს უნდა ჩატარდეს.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თურქეთის ხელისუფლება არ გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას, მიუხედავად დამანგრეველი მიწისძვრისა, რომელიც ქვეყანაში 6 თებერვალს მოხდა, იტყობინება წყაროები „სამართლიანობისა და განვითარების პარტიაში“ და „ეროვნული ერთიანობის პარტიაში“, რომლებიც ქმნიან მმართველ კოალიციას „სახალხო ალიანსს“.
როგორც „რია ნოვოსტი" ადგილობრივ ტელეარხ Habertürk-ზე დაყრდნობით იუწყება, ოპოზიციაც მომხდარის მიუხედავად ასევე მოითხოვს არჩევნების ჩატარებას 14 მაისს. თუმცა ადრე გამოითქვა მოსაზრება სტიქიის გამო კენჭისყრის შესაძლო გადადების შესახებ.
თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 ივნისისა.
მაშველები ნანაგრევებში გადარჩენილ ადამიანებს ეძებენ
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრების (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) შედეგად თურქეთში თითქმის 41 ათასი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 108 ათასზე მეტი. 430 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია და სხვა რაიონებშია გადაყვანილი.