თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება 2023 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, თუმცა მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის ზაფხულში მოხერხდება. განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა.
2023 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.
„ინფლაციის შემცირების ნელი პროცესი წელსაც გაგრძელდება და საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი 2024 წლის შუა პერიოდში იქნება მიღწეული - მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პირობებში“, - განაცხადა ჯონმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის თქმით, ფასების ზრდის დონის შენელებაზე გავლენა იქონია მსოფლიო ბაზარზე ფასების კლებამ, ლარის გამყარებამ და დაკრედიტების ზრდის შენელებამ.
ამასთან, მან განმარტა, რატომ არ მცირდება ფასები.
„მაშინ, როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი რჩება, ინფლაციის ძირითადი ინდექსი და მოლოდინები მაღალი რჩება იანვარში ძლიერი შიდა მოთხოვნისა და იჯარაზე ფასების ზრდის გამო, რაც ძირითადად მიგრანტების შემოდინებით არის გამოწვეული“, - განაცხადა ჯონმა.
ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვეღარ მიაღწევს.
„ჩვენ ველით, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 4%-ის დონეზე, მიგრანტებისა და სავალუტო ნაკადების შემცირების, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირებისა და მართული შემზღუდავი ფისკალური პოლიტიკიდან გამომდინარე“, - თქვა ჯონმა.
მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რჩება ორიენტირებული ინფლაციის შემცირებაზე და არსებული პროგნოზით, მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარული პოლიტიკას.
თებერვლის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა - 11%.