თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტორელავეგაში ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ესპანეთი 41:3 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის ერთპიროვნული მფლობელები არიან.
2000 წლიდან მოყოლებული საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ, ქართველმა მორაგბეებმა 19 თამაში მოიგეს, 2011 წელს რეკორდული სხვაობით - 60:0. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ესპანელებმა 3-ჯერ მოიგეს (ბოლოჯერ 2012 წელს).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ესპანეთში აქამდე არ მოუგია - 2000 წელს ბორჯღალოსნები ანგარიშით 32:36 დამარცხდნენ, 2007 წელს - 17:31, 2012 წელს კი - 18:25. ერთი მატჩი ფრედ - 6:6 დასრულდა.
რაგბი. საქართველო-ურუგვაი
© photo: Sputnik / Stringer
ლევან მაისაშვილის აღსაზრდელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე აკა ტაბუცაძემ უკვე დუბლი გაიფორმა. ბორჯღალოსნების მცდელობებს შორის ესპანელებმა ერთი პენალტი შეასრულეს და სხვაობა 10:3-მდე შეამცირეს საქართველოს სასარგებლოდ. სულ ესპანეთთან მატჩში ქართველმა მორაგბეებმა შვიდი ლელო გაიტანეს.
ახლა საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და ნახევარფინალურ მატჩს თბილისში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის. A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორე ადგილოსანს უმასპინძლებს, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული - A ჯგუფის მეორეადგილოსანს.
ნახევარფინალები 4-5 მარტს გაიმართება, ფინალები კი 18-19 მარტს.