მსოფლიო დღეს

სომხეთი მზად არის დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან - ფაშინიანი

სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და საზღვრების გახსნა საერთაშორისო სიტუაციისთვის პოზიტიური ნაბიჯი იქნება, მიიჩნევს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარულმა დიალოგმა თურქეთთან შესაძლოა შექმნას პროგრესი პოლიტიკურ დიალოგში, იუწყება Sputnik-სომხეთი.
ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.
თებერვლის დასაწყისში სირიასა და თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სომხეთმა დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარება და სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.
„თუ ეს ნაბიჯი პოლიტიკურ შედეგებს გამოიღებს, ძალიან კარგი იქნება. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგვეგზავნა და მაშველებიც მიგვეყოლებინა, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ მოტივზე იყო დაფუძნებული, რადგან მილიონობით ადამიანი ჩვენს ახლო ქვეყანაში მოექცა ამ ტრაგედიის ქვეშ“, - აღნიშნა მან.
მიწისძვრამდე სომხეთი და თურქეთი ინარჩუნებდნენ პოლიტიკურ დიალოგს სპეციალური წარმომადგენლების მეშვეობით და ახლა, შესაძლოა, გაჩნდება შესაძლებლობა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, დასძინა პრემიერმა.
ამაზე მუშაობა ასევე მიმდინარეობდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თურქეთში ვიზიტის დროს და სომხეთი მზად არის წინ წავიდეს, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან, განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა პოზიტიური ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო სიტუაციისთვის, დასძინა მან.