თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ბიზნესებთან და დისტრიბუტორებთან ერთად მოამზადებს ახალ კანონპროექტს საცალო ვაჭრობის შესახებ, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მთავრობის ეკონომიკური გუნდის სასურსათო მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლებსა და მომწოდებლებთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
დღეს საქართველოში სურსათზე ფასებს ბიზნესი ადგენს. ამავდროულად, საკვების საბოლოო ფასს აყალიბებს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი - მათ შორის პროდუქტის შესყიდვის ფასი, ტრანსპორტირებისა და მაღაზიამდე მიტანის ღირებულება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი ევროპული კანონმდებლობის შესაბამისი იქნება და, სხვა საკითხებთან ერთად, სურსათის ფასებზეც აისახება.
ფასების საკითხი სურსათის სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა იყო.
„ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებისა და პირველადი მოთხოვნილების იმპორტულ სურსათზე ფასების შემცირების მიუხედავად, მარკეტებში მათი ღირებულება თითქმის უცვლელია, რაც განსაკუთრებით უარყოფითად მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე აისახება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თებერვლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა სურსათის იმპორტიორები მაღალი ფასნამატის გამო და სიტუაციის გამოსწორება მოსთხოვა.
მთავრობის განცხადებით, საბითუმო ფასებზე დადებული ფასნამატი ისეთ ძირითად პროდუქტებზე, როგორიცაა ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, მცენარეული ზეთი, 50%-დან 80%-მდე მერყეობს. გარდა ამისა, ფასნამატი საცალო ფასების შემთხვევაში დამატებით აღწევს მინიმუმ 25-30%-ს.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან სურსათსა და სასმელებზე ფასები 15%-ოთ გაიზარდა (2022 წლის იანვართან შედარებით) და 1,4%-ით 2022 წლის დეკემბერთან შედარებით.
სურსათის მსოფლიო ბაზარზე, 2022 წლის მარტში გაძვირების შემდეგ, ფასები მცირდება. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა 2023 წლის იანვარში საშუალოდ 131,2 პუნქტი შეადგინა, რაც დეკემბრის მაჩვენებელზე 1,1 პუნქტით (0,8 პროცენტით) ნაკლებია. იანვარში აღნიშნული ინდექსის მნიშვნელობის შემცირება იყო განპირობებული მცენარეულ ზეთებზე, რძის პროდუქტებსა და შაქარზე ფასების ინდექსების მნიშვნელობების შემცირებით.
ამასთან, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსის ღირებულებამ იანვარში 147,4 პუნქტი შეადგინა, რაც უმნიშვნელოდ (0,1 პროცენტით) აღემატება დეკემბრის მაჩვენებელს და 6,7 პუნქტით (4,8 პროცენტით) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.