EBRD საქართველოში პროექტების დაფინანსებას გააგრძელებს

30 წლის განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან რენო ბასოსთან შეხვედრაზე EBRD-ის მიერ დაფინანსებული მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილი პროექტები განხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, განათლების, ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი გამოწვევების ფონზე აგრძელებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ინარჩუნებს მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
EBRD თბილისის მეტროს შეკეთებაზე კრედიტს გამოყოფს: მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს >>
„მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის განმავლობაში EBRD-მა 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში. თითოეული პროექტი მისი შესრულების გარკვეული პირობებით გრანტების და კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრის და EBRD-ის პრეზიდენტის შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.