თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა.
საქართველო ასეთ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
მედლების მოპოვებას მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებთან ბრძოლაში შეეცდებიან დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, რევაზ ნაზღაიძე, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი.
უშუალოდ შეჯიბრებები 19 თებერვალს დაიწყება.
პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები გათამაშდება მამაკაცებსა და ქალებს შორის პარალელურ გიგანტურ სლალომში. შეჯიბრება 12:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.