თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში სამი ადამიანი მისცეს, რომელთაგან ერთი დაკავებულია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100-ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულ იქნა 11.800 ლარის ოდენობის 118 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.