თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ქუთაისი-ბერლინი 87 მგზავრის გარეშე შესრულდა, რადგან მათ უამინდობის გამო აეროპორტამდე დროულად ვერ მოახერხეს მისვლა, დაწერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მგზავრმა.
ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, მარიკა ბაკურაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის 87 ადამიანი აეროპორტში იმყოფება.
„საღამოს 22:00 გამოვედით თბილისიდან. რიკოთზე თოვლის გამო დილის 5 სთ-ზე ჩამოვედით ქუთაისში. 5:39-ზე შემოვვარდით აეროპორტში. ფრენა იყო 6:15-ზე. აეროპორტმა – 3 წუთის დაკეტილია რეგისტრაცია და არ შეგიშვებთო. ფრენა ისედაც დაგვიანდა. გაფრინდა 7 სთ-ზე. და მთელი საათი და 20 წთ-ის განმავლობაში არავინ აღმოჩნდა პასუხისმგებელი, რომ ეს 87 ადამიანი ამ საათნახევარში დავერეგისტრირებინეთ", – დაწერა ბაკურაძემ სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთმა მგზავრმა დაწერა, რომ Wizz Air-მა ფრენის გადადება 30 წუთით გამოაცხადა, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ 87-მა ადამიანმა ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა და საჭირო მიმართულებით გაფრენა.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მიუხედავად უამინდობისა, მაინც ასრულებს რეისებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება.