სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

სინოპტიკოსები თვის ბოლომდე ცივ და თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსები ზღვაზე 3-4 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.
უწყების ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია განცხადებაში.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მკვეთრად აცივდა. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვს, ზოგან თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმები დაწესდა. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდის სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა.