რა გეგმები აქვს მთავრობას რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი გაიხსნება.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელსაც დღეს ბევრი პრობლემა აქვს, რამდენიმე წელიწადში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ, მრავალფუნქციურ საავადმყოფოდ გადაიქცევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

„ვფიქრობ, 2-2,5 წელიწადში საბოლოო ჯამში მივიღებთ მაღალი დონის მაღალტექნოლოგიურ კლინიკას, რომლის არსებობაც სახელმწიფო საკუთრებაში ნამდვილად აუცილებელია”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში (აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა) არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს.
„თბილისის ორ კლინიკაში არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემები, სამწუხაროდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ესაა რესპუბლიკური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო”, – აღნიშნა მინისტრმა.
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება. ეს იქნება საავადმყოფო როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ამჟამად კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნულ საავადმყოფოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი გაიხსნება.