თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ლატვიის ხელისუფლება ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ და სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულ ავტომობილებს ამიერიდან უკრაინის მთავრობას გადასცემს უსასყიდლოდ, მისი მოსახლეობის მხარდაჭრის მიზნით, იუწყება ლატვიური გამოცემა LETA პარლამენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სეიმმა ხუთშაბათს დაამტკიცა ბოლო მოსმენით.
„ამ დროისათვის ჩვენ შეგვიძლია გავყიდოთ, გადავამუშავოთ ან სათადარიგო ნაწილებად დავშალოთ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებები. მაგრამ ვხედავთ, რომ დღევანდელ პირობებში ეს ავტომობილები სასარგებლო მხარდაჭერა იქნებოდა უკრაინის ხალხისთვის“, — განაცხადა სეიმის თავდაცვის კომისიის თავმჯდომარემ რაიმონდ ბერგმანისმა.
როგორც კანონის ანოტაციაშია ნათქვამი, ჩამორთმეული ავტომობილების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტი მიიღებს იმ დებულებისა და წესის შესაბამისად, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი მოძრავი ქონების გადაცემას შეეხება უცხოეთის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
ავტომობილების გადაცემის პროცესის განხორციელება იგეგმება იმ ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობს და მიღებული აქვს დახმარების კონკრეტული მოთხოვნა.
2022 წლის ნოემბერში ლატვიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ავტომობილის მართვისთვის, თუ მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია 1,5 ppm-ზე მეტია. ამავე კანონით ნებადართულია ნასვამი მძღოლებისთვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჩამორთმეული ავტომობილები სახელმწიფო მომარაგების სააგენტოს ავტოსადგომებზე ინახება, რის შემდეგაც აუქციონზე იყიდება.