თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თოვლმა, ლიპყინულმა და ზვავსაშიშროებამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დააწესა.
უწყების ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებს, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.