საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა: მესაზღვრეებმა პაკისტანის ხუთი მოქალაქე დააკავეს

დანაშაული ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. აზერბაიჯანი–საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ცოდნისკარის“ დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.