საბა ბუაძე: მერაბიშვილი ტრაგიკომიკური ფიგურაა

მერაბიშვილი კმაყოფილია იმით, რომ ბოლო კვირაში ქვეყანაში უკვე გაიმართა საპროტესტო აქციები სააკაშვილის მხარდასაჭერად.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი ტრაგიკომიკური კარიკატურაა და მას ქართულ პოლიტიკაში მომავალი არ გააჩნია, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ლელოს საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა საბა ბუაძემ.
მერაბიშვილი, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ძველ გვარდიას წარმოადგენს, მხარს უჭერს პარტიის ახალ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს, რომელიც 6 თებერვალს აირჩიეს. მერაბიშვილმა „ნაცმოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ მალევე პირველი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს აქტიურ მოქმედებას და შედეგებსაც მიაღწევს.

„მერაბიშვილმა მოაგროვოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში. მე მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ის არის ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა… ის არის კარიკატურული პერსონაჟი, რომელსაც მომავალი არ აქვს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი ამომრჩევლების 1%-ის მობილიზებასაც კი ვერ ახერხებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში” საგანგაშო პროცესი მიდის, რადგან ვანო მერაბიშვილზე უნდა ვისაუბრო. ასე ჩვენ ვერ დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკა“, – განაცხადა ბუაძემ ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.
ახალი რეალიები ენმ-ში და მერაბიშვილის როლი - ოპოზიციაში პარტიის პერსპექტივები შეაფასეს>>>
პოლიტიკოსის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა ნაკლებია, რაც ოპოზიციის შეცდომებმა განაპირობა. სამწუხაროდ, საზოგადოება თავს გაუცხოებულად გრძნობს, რადგანაც პოლიტიკურ დღის წესრიგში რეალური საკითხები არ დგას, განაცხადა მან.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი საკითხებს შორის. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს სააკაშვილის საკითხი, და ეს მართლაც მნიშვნელოვანია, იგი არ უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში… თუმცა, ეს არ აწუხებს მოსახლეობის 100%-ს... ჩემს ამომრჩეველს სხვა საკითხები აწუხებს“, – განაცხადა მან.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. მიუხედავად მხარდამჭერებისადმი ხაბეიშვილის არაერთი მიმართვისა, მასშტაბური აქციები ჯერ არ ჩატარებულა.
ვანო მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" აქტიურ მოქმედებებზე გადავა>>>
მერაბიშვილს მმართველი პარტიის წარმომადგენლები 2004-2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის“ ერთ-ერთ ავტორად მიიჩნევენ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მერაბიშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. მერაბიშვილი ციხეში მოხვდა 2013 წლის მაისში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.
მან გისოსებს მიღმა 6 წელი და 9 თვე გაატარა და საპატიმრო 2020 წლის თებერვალში დატოვა. მერაბიშვილი გარკვეული პერიოდი უცხოეთში იმყოფებოდა. ამჟამად საქართველოშია.