თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ანგარიში რუსეთის დაახლოებით 110 ათასმა მოქალაქემ გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატ პაატა მანჯგალაძის კითხვაზე გაცემულ პასუხში.
ამავე პერიოდში ქართულ ბანკებში ანგარიში ექვსმა რუსულმა იურიდიულმა პირმა გახსნა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნის პიკი 2022 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, როდესაც დაახლოებით 27,8 ათასმა ადამიანმა გახსნა ანგარიში.
ამასთან, რუსეთის იმ მოქალაქეების ჯამური რიცხვი, რომლებმაც ანგარიშები ქართულ ბანკებში 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნეს, თითქმის უტოლდება რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომელთა ანგარიშები 2022 წლის 24 თებერვლიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში იყო გახსნილი.
კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი არ ასახელებს, თუ კონკრეტულად საქართველოს რომელ ბანკებში გახსნეს ანგარიშები რუსეთის მოქალაქეებმა და რუსულმა კომპანიებმა.
საქართველოს კომერციულ ბანკში ანგარიშის გასახსნელად უცხოელმა მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს, რომლებიც კონკრეტული ბანკის უსაფრთხოების სისტემის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.
მაგალითად, საქართველოს ორი სისტემური ბანკი – „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი", დოკუმენტების სტანდარტული პაკეტის წარდგენის გარდა, სპეციალური კითხვარის შევსებას მოითხოვს.
ოპოზიცია 2022 წლის თებერვლის დასაწყისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე საუბრობს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული კონტროლის მექანიზმები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება არ არის, მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია. გარდა ამისა, ჩამოსული რუსების უმეტესობა უკან ბრუნდება ან სხვა ქვეყნებში გადადის.