რუსეთი ახლო აღმოსავლეთს იარაღის ერთობლივად შექმნას სთავაზობს

Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სთავაზობს, ერთობლივად შექმნან იარაღი, მათ შორის, მეხუთე თაობის მსუბუქი გამანადგურებლები, განაცხადა „როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა.
ეს განცხადება მან იარაღის საერთაშორისო გამოფენა IDEX-2023-ის წინ გააკეთა, რომელიც 20-დან 24 თებერვლამდე გაიმართება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში.

„დღეს ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ წინადადებებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის პარტნიორობის ყველაზე აქტუალურ ფორმებს შეეხება — უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, ერთობლივ პროექტებსა და ოფსეტური პროგრამების გამოყენებაზე. „როსობორონექსპორტი“ განიხილავს ვარიანტებს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ერთობლივად შექმნისთვის, მათ შორის, მეხუთე თაობის გამანადგურებლისა, რომელიც მსუბუქ ტაქტიკურ თვითმფრინავ Checkmate-ზეა დაფუძნებული“, — განაცხადა მიხეევმა.

მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სხვა პერსპექტიული სფეროები მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი განვითარებისა და წარმოების, საზღვაო ძალების აღჭურვილობისა და სახმელეთო ჯარების შეიარაღების პროექტებს.
Checkmate — რუსეთის პირველი მეხუთე თაობის ერთძრავიანი თვითმფრინავია, რომელიც კომპანია „სუხოის“ მიერაა შემუშავებული. როგორც რუსული პრესა წერს, აპარატის ძირითადი მახასიათებლებია დაბალი შემჩნევადობა, ფრენის საათის დაბალი ღირებულება, ღია არქიტექტურა და „ღირებულება-ეფექტურობის“ კრიტერიუმის მაღალი მაჩვენებელი.