წონაში კლება პრეცედენტის საბაბი არ არის - კობახიძე სააკაშვილის სარჩელზე სტრასბურგში

კლინიკის ექიმები, სადაც სააკაშვილი მკურნალობს, აცხადებენ, რომ მისი მთავარი პრობლემა აუცილებელ კვებაზე უარის თქმაა.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. თუ ევროპის სასამართლო ერთხელ მაინც დაუშვებს პრეცედენტს, რომ ადამიანის წონაში კლება მისი გათავისუფლების გარანტია იქნება, ვერცერთი საპატიმრო დაწესებულება ვეღარ გააგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე, მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ.

„სასამართლო ერთხელ მაინც თუ დაუშვებს პრეცედენტს, რომ ადამიანი ხელოვნურად წონაში იკლებს და ეს მისი გათავისუფლების საფუძველი ხდება, მაშინ ვერცერთი ციხე ვეღარ იმუშავებს. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია ზუსტად იგივე გაიმეოროს – ხელოვნურად დაიკლოს წონაში, რასაც აკეთებს სააკაშვილი“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სტრასბურგმა რომ დააკმაყოფილოს ასეთი სარჩელი, გამოდის, რომ ბოლომდე უნდა ჩამოშალოს სასჯელაღსრულების სისტემები მთელი ევროპის მასშტაბით.
„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა უპერსპექტივო იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
„ვივამედის“ დირექტორმა უარყო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შესახებ>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს