თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. დღეიდან ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო 800-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ფასების მაქსიმალური ზღვარის დადგენა, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება.
„როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება", – განაცხადა პრემიერმა.
რეფერენტული ფასები თავდაპირველად ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდა, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციების შემოტანა 2022 წელს დაიწყო და 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული რეფერენტული ფასების პირველი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა.
„15 იანვრისთვის რეფერენტული ფასები როცა გამოვაქვეყნეთ, ერთი თვე იყო ვადა ძალაში შესვლამდე. ფარმაცევტულ კომპანიებს იანვრის ბოლომდე ჰქონდათ გასაჩივრების დრო. 1.200-ზე მეტი მედიკამენტიდან ნაწილი გასაჩივრდა. ზუსტად ამიტომ შევიდა ძალაში დღეს 800-ზე მეტი მედიკამენტი, დარჩენილ 400-ზე ცოტა მეტ მედიკამენტზე კი ფასის გადახედვა მოხდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გასული წლის დასაწყისში საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ფასების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.