თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ქალაქ ბათუმის სანაპიროსთან ახლოს ზღვაში აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აფეთქება ორშაბათს, საღამოს მოხდა, თვითმხილველების თქმით, ნაპირიდან 25–30 მეტრში. საზღვაო ნაღმის მსგავსი ნივთისა და აფეთქების მომენტის კადრები მაშინვე გავრცელდა სოციალურ ქსელში.
„გამოძიების ფარგლებში განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს თანამშრომლებმა ასევე ამოიღეს და შეისწავლეს მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები.
უფრო ადრე საქართველოს შსს-მ თურქეთიდან და ბულგარეთიდან მიიღო ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების – თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის წყლებში მცურავი ნაღმების შესახებ.
„ასევე გვეცნობა, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების (შტორმი) შედეგად შესაძლებელია, მცურავი ნაღმები შემოტანილ იქნას საქართველოს საზღვაო სივრცეში“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბათუმის სანაპიროსთან აფეთქების შემდეგ სამინისტრომ შავი ზღვის სანაპიროზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.