აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლმა პრობლემები შექმნა

უამინდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 18 თებერვლამდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, რის გამოც სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები ამ დრომდე ჩაკეტილია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

„დილიდან განახლდა თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები, რაშიც ჩართულია დეპარტამენტის 75 ერთეული სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.